საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი

03 აპრილი - 11 მაისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 

თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
სამუშაო პოზიციის დასახელება: გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-27 მუხლის მეორე პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა). 

კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 2100 ლარი
ადგილების რაოდენობა: 3 
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (საჯარო მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიების ჩატარება იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე-342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;
** კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიების ჩატარება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე;
** მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვა, მათზე დროული და კანონშესაბამისი რეაგირება;
** ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი";
** საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" (მე-3 თავი);
** საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
** საქართველოს კანონი "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ";
** საქართველოს კანონი "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ";
** "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება;
** "სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანება;
** "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება";
** ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია;
** ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია;
** სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ 1959 წლის ევროპული კონვენცია;
** სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენცია;
** "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია - მაგისტრის ხარისხი);
** სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** პრობლემების ანალიზი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** წერითი დავალება;
** ზეპირი დავალება;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.

კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ ცოტა, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
** აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა;
** ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
** კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
** შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ ქართული ენისა და ზოგადი უნარების ტესტებს, რომელთა გამსვლელ ქულად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის მინიმუმ 50%-ის შესაბამისი ქულა;
** გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა. (მაქსიმალური ქულა - 5).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით.