დანტეს ხელოვნების სკოლა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი” დაარსდა 2006 წლის 21 ნოემბერს, დასახელების რეგისტრირებული კავშირის იურიდიული პირის სტატუსით და რატიფიცირებულ იქნა რომის სათავო ოფისის მიერ.
ქ. თბილისში ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” კომიტეტის გახსნის ინიციატორნი და სულისჩამდგმელნი გახლავთ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რომის პაპის წმინდა საყდართან, მისი სამეფო აღმატებულება, ქალბ. ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი, საქართველოს მაშინდელი სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, ბატ. ზაალ გოგსაძე და პროფესორი, იტალიანისტი, ქალბ. ნინო ცერცვაძე, რომელიც ამჟამად ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” პრეზიდენტი გახლავთ.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” დაარსების ერთ-ერთი მიზეზი გახლდა ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროპასთან ინტეგრაციის დიდი სურვილის ფონზე მნიშვნელოვნად იმატა იტალიური ენისა და კულტურის შესწავლით დაინტერესებულ პირთა რიცხვმა.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” საქმიანობის მიზნები იგივეა, რაც ამ საზოგადოებისა ზოგადად: საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” წესდება მთლიანად შესაბამისობაში მოდის ამ საზოგადოების ცენტრალური კომიტეტის დებულებასთან, აქედან გამომდინარე, ის წარმოადგენს არაკომერციული მიზნების მქონე ნებაყოფილობით საზოგადოებას.
,,დანტეს” თბილისის კომიტეტის ოფისი მდებარეობს კოსტავას ქ. #77-ში, ,,ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის” შენობაში. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოხსენებული უმაღლესი სასწავლებელი ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტს” დროებით უთმობს ერთ ოთახს ოფისისათვის, ხოლო კომიტეტი, თავის მხრივ, მჭიდროდ თანამშრომლობს უნივერსიტეტთან, რაც გულისხმობს დახმარების გაწევას განსაკუთრებით უცხოური პარტნიორების მოძიებისა და კულტურული გაცვლების განხორციელებაში.
დღიდან მისი დაარსებისა ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი”, გარდა მასთან არსებულ ენის შემსწავლელ კურსებზე იტალიური ენისა და კულტურის მაღალხარისხიანი სწავლებისა, მთელ ქართულ საზოგადოებას სთავაზობს მრავალფეროვან ,,კულტურულ პაკეტს” მთელი რიგი ისეთი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებისა, როგორებიცაა ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები, კონფერენციები, გამოფენები, კინოფორუმები და სხვ. აღსანიშნავია, რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან”, არსებულ ენის კურსებზე იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელ პირთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
თბილისის ,,დანტეს” კომიტეტთან ფუნქციონირებს აგრეთვე PLIDA-ს (Progetto Lingua Italiana Dante Alighieri) სასერტიფიკაციო ცენტრი, რომლის ლიცენზია მას ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” ცენტრალური კომიტეტის სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა 2007 წელს. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში მოქმედი 500 საზღვარგარეთის კომიტეტიდან მხოლოდ 200-ს გააჩნია PLIDA-ს სასერტიფიკაციო ცენტრი, რაც ამ ცენტრში მომუშავე ქართველი იტალიანისტების მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს. ზემოხსენებულ ცენტრში გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ თბილისის ოფისში, ხოლო საგამოცდო ნაშრომების გასწორება და კანდიდატებისთვის სერტიფიკატის მინიჭება ხდება ქ. რომის PLIDA-ს ცენტრალური სასერტიფიკაციო ცენტრის მიერ. თბილისის PLIDA -ს საგამოცდო ცენტრში, კანდიდატს შეუძლია ჩააბაროს გამოცდები და მოიპოვოს ევროსაბჭოს მიერ დადგენილი იტალიური ენის კომპეტენციის PLIDA-ს 6 (A1, A2, B1, B2,C1,C2) დონის, აგრეთვე PLIDA COMMERCIALE (ბიზნეს იტალიურის) და PLIDA JUNIORES (ე.წ. იუნიორის) საერთაშორისო სერტიფიკატი.
,,PLIDA”-ს საერთაშორისო იტალიური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი B2 დონის სერტიფიკატის მფლობელ ნებისმიერ უცხოელს უფლება აქვს სწავლა განაგრძოს იტალიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო C2 დონის ზემოხსენებული სერტიფიკატი ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში იტალიური ენის მასწავლებლად მუშაობის სშუალებას აძლევს მის მფლობელს.
წარმოადგენს რა ორ კულტურას შორის ერთგვარ მაკავშირებელ ,,ხიდს”, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი” ცდილობს ეროვნული კულტურის პოპულარიზაციის გზით ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას საერთო ევროპულ ოჯახში. კულტურათაშორის დიალოგისა და ინტერკულტურული გაცვლების განვითარების მიზნით, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი” მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადგილობრივ და ევროპულ ინსტიტუციებთან, ეხმარება რა მათ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებასა და კულტურული და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” წევრები არიან განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროებში მოღვაწე ქართველი და იტალიელი პიროვნებები, სტუდენტი-ახალგაზრდობა და ზოგადად, იტალიური ენისა და კულტურის შესწავლით დაინტერესებული პირები.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი”, მჭიდროდ თანამშრომლობს რა ამავე საზოგადოების უცხოურ კომიტეტებთან, უმაღლეს სასწავლებლებსა და კულტურისა და განათლების ცენტრებთან, ანიჭებს წარჩინებულ სტუდენტებს სასწავლო სტიპენდიებს, ხოლო ქართველ მეცნიერებს, მკვლევარებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში მონაწილეობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა” თავისი საქმიანობის ხანმოკლე პერიოდში წარმოუდგენლად დიდ წარმატებებს მიაღწია, კერძოდ:
• დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში იტალიის საელჩოს დახმარებით ,,ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის” ბაზაზე ,,იტალიური ენისა და კულტურის კათედრის” გახსნასა და ფუნქციონირებაში; კათედრის სამივე პედაგოგი ამავე დროს ,,დანტეს” თბილისის კომიტეტის თანამშრომელია. ზემოხსენებული უნივერსიტეტის 2 სტუდენტი ამჟამად ერთი სემესტრით უფასო სასწავლო კურს გადის ქ. რომის ,,დიზაინის ევროპულ ინსტიტუტში, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების დადება და კონტაქტის დამყარება ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” უშუალო დახმარებით განხორციელდა.
• ,,ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის” 3 სტუდენტმა და მათმა პროფესორმა მაია დავითაიამ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” 3 სტუდენტთან და პრეზიდენტ ნინო ცერცვაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს იტალიის ქ. ბარის ,,მარკო პოლოს” სახელობის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ საერთაშორისო კონფერენციაზე სათაურით: SPRING DAY FOR EUROPE. სტუდენტებმა და მათმა პროფესორებმა მოხსენებები წაიკითხეს და მონაწილეობა მიიღეს ზემოხსენებული კონფერენციის ფარგლებში ჩატარებულ შემდეგ სემინარებზე: Festival delle Riscritture, L’Europa Internazionale, L’Ueropa guarda al mediterraneo, I Digital Nativs, promotori di cooperazione culturale. წარმოადგინეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის იმ არქიტექტურული ძეგლების აღდგენა-შენახვის პროექტები, რომლებმაც ექსპერტების მოწონება დაიმსახურეს და განთავსდნენ კონფერენციის ორგანიზატორთა მიერ წინასწარ გამზადებულ საერთაშორისო ვებ გვერდზე.
• ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” 2 წევრმა, რომლებიც 2007 წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ამავე საზოგადოების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსში წარდგენილი ნამუშევრებისთვის მოიპოვა განსაკუთრებული პრემია და ფულადი ჯილდო 200 და 300 ევროს ოდენობით.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან” არსებული იტალიური ენის შემსწავლელი კურსების 19 სტუდენტმა, 2007 წლის ნოემბრიდან დღემდე, სხვადასხვა კონკურსში გამარჯვების შედეგად სასწავლო სტიპენდია მოიპოვა და სასწავლებლად გაემგზავრა იტალიის სხვადასხვა უნივერსიტეტსა და ლინგვისტური სწავლების ცენტრში.
• ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა” განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა შემდეგ იტალიურ ინსტიტუციებთან:
ა) იტალიის ქ. ნეაპოლის ISTITUTO SUPERIORE DI DESING
ქართველ ახალგაზრდებს, ზემოხსენებული ხელშეკრულების თანახმად, შეუძლიათ ერთწლიანი სასწავლო სტიპენდიის მოპოვება ზემოაღნიშნული სასწავლებლის მაგისტრატურის დიზაინის სხვადასხვა სპეციალობებზე სწავლის გასაგრძელებლად;
ბ) იტალიის ქ. კასტელრაიმონდოს ლინგვისტური სასწავლო ცენტრიEDULINGUA
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან” არსებული იტალიური ენის შემსწავლელი კურსების 10-მა სტუდენტმა უკვე ისარგებლა ზემოხსენებული სასწავლო ცენტრის სტიპენდიით და მოიპოვა იტალიური სერტიფიკატი;
• ICON 23 იტალიური უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან” დაარსდა ზემოხსენებული კონსორციუმის საგამოცდო ცენტრი, სადაც დისტანციური სწავლების მეშვეობით იტალიაში წაუსვლელად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ კონსორციუმ ICON-ის ბაკალავრის დიპლომა, სპეციალობით-იტალიური ენა და კულტურა;
• ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი” იტალიის საელჩოს დახმარებისა და რეკომენდაციების საფუძველზე ინტენსიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს თბილისში ახლახანს გახსნილი ,,ევროპული სახლის” ხელმძღვანელობასთან ზემოხსენებული სახლის მიერ შემოთავაზებულ პროექტში შესაძლო მონაწილეობის თვალსაზრისით;
• ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი” თავისი საქმიანობის გაფართოების მიზნით მუშაობს პროექტზე ქ. ბათუმში ამავე საზოგადოების ფილიალის დაარსების შესახებ.