aris.ge

წერეთლის უნივერსიტეტის უჩვეულო წარმოდგენები „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალზე“

28 სექტემბერი 2017

სახალისო ცდები, ვირტუალური მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, ინვაციური ხატვა, ფლეშბომი, ყველაზე უჩვეულო სანახაობები – ეს ყველაფერი ქუთაისის ცენტრალურ პარკში მოსწავლეებისთვისწერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალზე წარმოადგინა.

სპეციალურად გაშლილ კარვებთან, სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებელმა,  უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ მოწყობილი უამრავი  ექსპერიმენტი, გამოფენა და პრეზენტაცია იხილა. მოზარდებს კი საშუალება ჰქონდათ სახალისო ცდები თავად ჩაეტარებინათ და მათთვის ბევრი ამოუცნობი მოვლენა ეხილათ.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს” ქუთაისის და იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლის ასობით მოსწავლე დაესწრო.

მეგი მაჭარაშვილი ქუთაისის #30-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. ის სამეცნიერო ფესტივალზე წელს პირველადაა. მეგი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ქიმიური ცდები მოეწონა, თავად კი კოსმეტიკური საპონი დაამზადა. „ადვილი და სახალისო ექსპერიმენტებია, ძალიან მომეწონა,“ – ამბობს მეგი.

აწსუ-ის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი ერთ-ერთია, ვინც ფესტივალზე გარემოს დაცვის და ფარმაცევტული ტექნოლოგიების მიმართულებით  სახალისო ცდები წარმოადგინა.

„სკოლის ასაკის ბავშვებს საშუალება აქვთ ნახონ როგორ ტარდება ექსპერიმენტები. ქიმია მათთვის მხოლოდ ფორმულებთან ასოცირდება, თუმცა ასეთი ღონისძიებებით აქცენტი გადადის შინაარსზე და იმაზე, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. აქვე, ადგილზე, ბავშვების თვალწინ, დავამზადეთ შუშხუნა აბები, კოსმეტიკური საპონი, რაც მათთვის საინტერესო აღმოჩნდა“, – გვითხრა ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ინგა ბოჭოიძემ.
 

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორ გიორგი ღავთაძისგანცხადებით, ფესტივალზე სახალისო ცდების წარმოდგენა მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ამის გარდა მოსწავლეები სამეცნიერო კვლევებითა და ონოვაციებით ინტერესდებიან.

„სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ფესტივალი ქუთაისშიც ჩატარდა. მოხარული ვიქნები თუ ბავშვები სკოლებში დადებითი ემოციებით დაბრუნდებიან. ყოველ წელს ფესტივალი ახალ ძალას იძენს. სასიამოვნოა, რომ რეგიონში მცხოვრებ ბავშვებსაც ჰქონდათ მასში მონაწილეობის მიღების საშუალება. ჩვენ 15-მდე კარავი და ამდენივე განსხვავებული სანახაობა წარმოვადგინეთ,“ – განაცხადა გიორგი ღავთაძემ.
 

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ჩატარებულ ფესტივალს განათლების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულიადაესწრო. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის მსგავსი ფესტივალი ხელმისაწვდომი არ არის.

„სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ არ შემოგვეფარგლა ფესტივალი თბილისით და აქ ჩამოვედით. ქუთაისი ყოველთვის იყო მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის ქალაქი და არ გამიკვირდა ამდენი დამსწრე რომ დამხვდა,“ – თემურ მურღულია.

ქუთაისის ცენტრალური ბაღში მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალზე ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფის Sientific Sue-ის წევრებმა პერფომანსი აჩვენეს. სცენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქიმიური ნაერთები, რომელზეც ცდების ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

„მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალი საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, 24 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები