არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ახალ საკვებთან ნაცნობობა იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან და დაბადებისას მას გემოვნებითი თვისებები ნაწილობრივ ჩამოყალიბებული აქვს. მაგალითად, თუ დედას უყვარს ვაშლი, მაშინ სავარაუდოდ ბავშვსაც ეყვარება იგი. დაბადების შემდეგ კი ხდება ”უკვე ნაცნობის ახლიდან აღქმა” დედის რძის საშუალებით, და უკვე ამის შემდეგ ბავშვი იღებს ”ნამდვილ” ახალ საკვებს. 
6 თვის ასაკიდან ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი საკვები. დამატებითი კვების დაწყება დაგვიანებით ისეთივე საზიანოა, როგორც ნაადრევად დაწყება, ვინაიდან შესაძლოა ბავშვს დააკლდეს საჭირო საკვები ნივთიერებები, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახება.
პირველ რიგში დამატებითი კვების სახით გამოიყენება ხილის წვენი, ხილფაფა, ბოსტნეულის პიურე, ფაფები.

დამატებითი კვების დაწყებამდე უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:

• ყოველი ახალი პროდუქტი უნდა მივცეთ ბავშვს, როდესაც იგი აბსოლუტურად ჯანმრთელია
• არ მისცეთ ახალი პროდუქტები პროფილაქტიკური აცრების ჩატარების პერიოდში.
• ყოველი ახალი პროდუქტის მიცემა უნდა დაიწყოთ მცირე რაოდენობიდან (რამოდენიმე წვეთიდან ან 14 - 12 ჩაის კოვზიდან), თანდათან, 5-7 დღის განმავლობაში უნდა გავზარდოთ ულუფა სასურველ რაოდენობამდე. ყურადღებით დააკვირდით საკვების ამტანობას - ხომ არ გაჩნდა კანზე გამონაყარი და როგორ შეიცვალა განავალი
• ახალი პროდუქტი (კერძი) უნდა მივცეთ ბავშვს დღის პირველ ნახევარში, იმისათვის რომ დავაკვირდეთ საკვების მიღების შემდეგ განვითარებულ შესაძლო რეაქციას.
• საკვები მიეცით კოვზით და არა საწოვარათი.
• თავიდან ბავშვს მხოლოდ ერთი სახეობის საკვები შესთავაზეთ. თუ ბოლომდე ვერ ჭამს, ნუ დააძალებთ.
• ორ უცხო საკვების მიღებას შორის უნდა გავიდეს არანაკლებ ერთი კვირისა. თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება, ჯერ ძუძუ შესთავაზეთ, შემდეგ დამატებითი საკვები, 9 თვიდან კი, პირიქით, ჯერ დამატებითი საკვები მიაწოდეთ და შემდეგ ძუძუ.
• საკვები უნდა მომზადდეს ჰიგიენის ყველა წესის დაცვით.
• საკვები უნდა იყოს ჰომოგენური, რომ არ გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება. ასაკის მატებასთან ერთად გადადიან უფრო სქელ, ხოლო, მოგვიანებით უფრო მკვრივ საკვებზე, იმისათვის, რომ ბავშვი თანდათან მიეჩვიოს ღეჭვას.
• არარაციონალურია ორი მყარი და ორი თხევადი საკვების ერთდროულად მიცემა, მაგ: ფაფისა და პიურესი, ან ბულიონისა და კისელის, ვინაიდან პირველ შემთხვევაში იგი გვიან მოინელება, მეორე შემთხვევაში კი საკვები ადვილად გადავა კუჭიდან ნაწლავებში და გამოიწვევს შიმშილის გრძნობის ნაადრევ განვითარებას.

მსგავსი სიახლეები