IPOVE.GE News

ცირკი ცხოველების გარეშე!

06 მაისი 2019

   

     ამ სახელწოდებით ცხოველთა დამცველები და ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა.
აქციის მიზანი საცირკო წარმოდგენებში ცხოველთა მონაწილეობის აკრძალვაა. მათ პეტიციაც შეადგინეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიემართება. მასზე ხელმომწერები შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. 

 

       

 

აქცია 4 მაისს იმიტომ დაიგეგმა, რომ ამ დღეს თბილისის ცირკში წარმოდგენას მოსკოვის იური ნიკულინის ცირკი მართავს. მათ საცირკო წარმოდგენებში აქტიურად ხდება ცხოველების (მაიმუნები, ლომები, ვეფხვები, ძაღლები) გამოყენება. 

 

                                                                         

 

მშობლებს, რომლებსაც შვილები ცირკში მიჰყავდათ შეძახილების ფონზე ე.წ. სირცხვილის კორიდორში მოუწიათ გავლა. უმეტესობამ ინტერვიუზე უარი თქვა. მიზეზად კი ეს დაგვისახელეს: "თავს ვერ შევირცხვენ".

იმ ნაწილმა, რომელიც ინტერვიუს დათანხმდა იდენტიფიცირება არ ისურვა. გვითხრეს, რომ ბილეთში საკმაოდ ძვირი [15-20 ლარი] გადაიხადეს ან რაიონიდან ჩამოიყვანეს ბავშვები და არ აპირებდნენ სხვების პროტესტის გამო სანახაობაზე უარი ეთქვათ. რაც შეეხება ცხოველების მონაწილეობას, მიაჩნიათ, რომ ისინი სპეციალურად არიან გაწვრთნილი და ამ გარემოს შეგუებული, ამიტომ პრობლემას ვერ ხედავენ.

 

      

 

ამ აზრს არ იზიარდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ცირკის სტუმრებს საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა, თამარ ზუბიაშვილმა გვითხრა, რომ მთავარი პრობლემა სწორედ საზოგადოების არაინფორმირებულობა.

"ცხოველების წამებისგან ადამიანი არ უნდა იღებდეს სიამოვნებას. მათ უნდა იცოდნენ რეალურად რა ხდება ცირკში. მშობლები არ უნდა ყიდულობდნენ ბავშვებისთვის ბილეთებს და არ უნდა აჩვენებდნენ, ვითომ ეს ცხოველები ძალიან ბედნიერები არიან", — განაცხადა მან.

 

          

 

ცხოველთა დამცველები ამბობენ:

"ჩვენ მოვითხოვთ, საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას. ამასთან, საჭიროებისამებრ, საზღვარგარეთიდან იმ პოპულარული საცირკო დასების მოწვევას, რომლებშიც არ ხდება ცხოველების გამოყენება. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გვყავს ნიჭიერი აკრობატები, ილუზიონისტები, ჟონგლიორები, ჯამბაზები, მოცეკვავეები, სახელმწიფოს მოვუწოდებთ განახორციელოს ქართული ცირკის მხარდაჭერა და ინვესტიციის ჩადება იმ ადამიანებში, რომლებსაც შეუძლიათ თანამედროვე, ჰუმანური ცირკის აშენება.

ვფიქრობთ, ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, საერთაშორისი დონეზე საქართველოს რეპუტაციის ამაღლებას და ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს".

მსგავსი სიახლეები