IPOVE.GE News

4 რჩევა, როგორ ვიფრინოთ იაფად და კომფორტულად!

17 მაისი 2019

ბიუჯეტური ავიაკომპანიები ხშირად ბილეთის ფასს სივრცისა და ხარისხიანი მომსახურების ხარჯზე სწევენ დაბლა. თუმცა, არსებობს ხერხები, რომელთა დახმარებითაც მოგზაურობისას ფულსაც დაზოგავთ და არც კომფროტს მოიკლებთ.

                                                   

მას შემდეგ, რაც კომპანია ვიზეარის თვითმფრინავი 2012 წლის სექტემბერში პირველად აფრინდა ქუთაისის აეროპორტიდან, ეკონომიური ფრენის ალტერნატივა ქართველი მომხარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. ამ გარემოებამ კი ფრენის წინასწარ და გონივრულად დაგეგმვის აუცილებლობაც წარმოშვა. თუ ქვემოთ მოყვანილ ოთხ რჩევას გაითვალისწინებთ, უკეთესი შანსი გექნებათ, დაზოგილ თანხას ნერვები არ შესწიროთ და მოგზაურობიდან ნასიამოვნები და დასვენებული დაბრუნდეთ.

ჭკვიანურად დაჯავშნეთ

ბიუჯეტური ავიაკომპანიების უმრავლესობა ერთსა და იმავე ადგილებში მთელი წლის განმავლობაში არ დაფრინავენ ხოლმე. ამის ნაცვლად, კონკრეტული მიმართულებებით ბილეთის დაჯავშნა კონკრეტულ დროებშია შესაძლებელი. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ცალკეულ ადგილას გამზავრების ყველა მსურველმა ბილეთიც ერთდროულად უნდა დაჯავნოს და ფრენითაც ერთ პერიოდში იფრინოს. ამიტომ იმის წინასწარ ცოდნა, როდის გახდება შესაძლებელი სასურველ ქალაქამდე ბილეთის ყიდვა, უსიამოვნო მოულოდნელობებს თავიდან აგაცილებთ.

ამასთან, თუკი გსურთ, რომ ხელსაყრელი შეთავაზებებით ისარგებლოთ , გამოიკვლიეთ, როდის არის აქტიური ტურისტული სეზონი იმ ადგილისთვის, რომელსაც გსურთ, რომ ესტუმროთ და ეცადეთ, თქვენი მოგზაურობისთვის სხვა დრო შეარჩიოთ. მაგალითად, თუკი ისლანდიაში ფრენისა და მოგზაურობისთვის სეზონის პიკი მაისიდან სექტებრამდეა, ყველაზე იაფფასიან ფრენებს იანვრის თვისთვის იპოვით. არ იდარდოთ - რეიკიავიკში, როგორც ნებისმიერ ახალ ადგილას, წლის ნებისმიერი დრო შთამბეჭდავი იქნება. მთავარია, ბევრი თბილი ტანსაცმლის წაღება არ დაგავიწყდეთ.

გაითვალისწინეთ შეზღუდვები ბარგზე

არავის სურს, თვითმფრინავში ჩასხდომის წინ, კონტროლის გავლისას ანაწილოს თავისი ყურსასმენები თუ დამტენები ხელბარგსა და ზურგჩანთას შორის, რათა წონისა და ზომის შეზღუდვები აიცილოს თავიდან. ამას სჯობს, დამატებითი ბარგი აიღოთ.

თუკი ვინმესთან ერთად მოგზაურობთ, გახსოვდეთ, რომ ეკონომიური ავიაკომპანიები ბარგისთვის, როგორც წესი, თითოეულ გადაჯდომაზე გახდევინებენ თანხას. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ თქვენგანს შეუძლია, ბარგი აიღოს, მეორე კი მხოლოდ ეკონომიურ ადგილს დაჯავშნის. ეს ფულს რიგიანად დაგაზოგინებთ. მაგრამ ზოგჯერ ეს იმასაც ნიშნავს, რომ მას, ვინც ბარგს არ აიღებს, ბილეთში დამატებითი თანხის გადახდა მოუწიოს, რათა მეგობრის გვერდით დაჯდეს. ეს მაშინ ხდება, როცა ავიაკომპანია თვითმფრინავში კონკრეტული ადგილის არჩევაში დამატებით თანხას გახდევინებს. ასეთ დროს გამოსავალი შეიძლება ის იყოს, რომ ორივემ ბილეთები ადგილის აურჩევლად, მაგრამ თანადროულად იყიდოთ. ამ გზით იმის შანს გაზრდით, რომ თვითმფრინავში გვერდიგვერდ სკამებზე აღმოჩნდეთ.

აირჩიეთ სტრატეგიული ადგილი

ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ბიუჯეტური ავიაკომპანიები ავტომატურად არაკომფორტულ დასასხდომებთან ასოცირდება. კი, მართალია, ეს სკამები დიდი თვითმფრინავების და უფრო ფართო სერვისის მქონე ავიახაზების მსგავს კომფორტს ვერ განგაცდევინებს, მაგრამ თუ ჭკვიანურად აარჩევთ ადგილს, არც ეკონომიური ფრენისას იგრძნობთ თავს არაკომფორტულად. ამისათვის, ბილეთის დაჯავშნისას თვითმფრინავის უკანა ნაწილში აიღეთ ადგილი. ეს, ერთი შეხედვით, კონტრ-ინტუიტიური გადაწყვეტილებაა; ყველას ხომ წინ სურს ხოლმე დაჯდომა, იმის მიუხედავად, რომ ადგილები ყველგან ერთნაირია. სწორედ ამის გამო, თუ თვითმფრინავი შევსებული არ იქნება, დიდი შანსია, რომ თქვენ გვერდით ადგილები ცარიელი დარჩეს. ასეთ დროს კი საკუთარ გემოზე მოკალათება გაცილებით მარტივია.ასევე, როცა ვინმესთან ერთად მგზავრობთ, ფანჯრის მხარე და კიდე აირჩიეთ; არავის უყვარს შუა ადგილი, ამიტომაც უფრო მეტი შანსი გექნებათ, რომ მთელი რიგი თქვენს განკარგულებაში დარჩეს. და თუკი ვინმე მაინც იყიდის თქვენ შუა ადგილს, შეგიძლიათ, მას კიდის ან ფანჯრის მხარე შესთავაზოთ, რათა თქვენ მეგობრის გვერდით იმგზავროთ.

დაიხმარეთ სოციალური მედია

დიდი საერთაშორისო ავიახაზებისგან განსხვავებით, ბიუჯეტური ავიაკომპანიები ნაკლებად სტრუქტურირებულად ოპერირებენ. ამიტომ, კითხვის გაჩენის შემთხევაში, ოფიციალური მეილის მიწერის ნაცვლად სოციალური მედიის გამოყენება გაცილებით ეფექტიანი შეიძლება იყოს. ტვიტერზე ან ფეისბუქის მესენჯერში მიწერილ კითხვას, სავარაუდოდ, გაცილებით სწრაფად გამოუჩნდება პასუხის გამცემი.

ამასთან, ინფორმაციის მოპოვების კარგი გზა მოგზაურთა ონლაინ ჯგუფებიცაა. მაგალითად, ქართულ სოციალურ სივრცეში პოპულარული ფეისბუქის გვერდი, Cheap Travel, 125 ათასზე მეტ წერვს აერთიანებს და გამოცდილებებისა და რჩევების გაზიარების ადგილია. ასე რომ, ვიზებთან დაკავშირებით გექნებათ კითხვა თუ ტრანზიტულ ფრენაზე გადაჯდომისთვის ყველაზე კომფორტულ აეროპორტს ეძებთ, დიდი შანსია, რომ საჭირო ინფორმაციით სწორედ აქ მოგამარაგონ.

მსგავსი სიახლეები